EMDR ფსიქოთერაპია
Eye Movement Desensitization and Reprocessing — მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეთოდი, რომელიც ეხმარება ტვინს გადაამუშაოს ძველი, გაუშუქებელი გამოცდილება
EMDR არის საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომა ტრავმის, PTSD-ის, შფოთვის, პანიკური აშლილობის და მძიმე ცხოვრებისეული მოვლენების გადასამუშავებლად. მეთოდი აღიარებულია WHO-ს და APA-ს მიერ.
სესიაზე თერაპევტი ატარებს ბილატერალურ სტიმულაციას (ჩვეულებრივ თვალის მოძრაობებით), რაც ტვინს ეხმარება გადაამუშაოს გაჭედილი გამოცდილება და ამ გამოცდილებამ დაიკავოს ჯანსაღი ადგილი თერაპიაზე მოსული ადამიანის პირად ისტორიაში
EMDR-ის თეორიული საფუძველია Adaptive Information Processing (AIP) მოდელი: ტვინი ბუნებრივად ამუშავებს გამოცდილებას, მაგრამ ძლიერი სტრესის ან ტრავმის დროს ეს პროცესი „იჭედება“. მოგონება ინახება ემოციასთან, გამოსახულებასთან და სხეულის შეგრძნებასთან ერთად, ხოლო აწმყოში მსგავსი ტრიგერი კვლავ აქტიურდება. EMDR ეხმარება ტვინს დაასრულოს ეს გადამუშავება
EMDR არ საჭიროებს მოგონების დეტალურ თხრობას და არ ეყრდნობა ჰიპნოზს ან მედიკამენტებს. მუშაობა თერაპიაში მყოფი ადამიანის ტემპზეა და ყოველი ეტაპი არის გამჭვირვალე, ინფორმირებული თანხმობით
EMDR-ის 8 ფაზა
სტანდარტული EMDR პროტოკოლი მოიცავს რვა ეტაპს. ისინი ვითარდება თანმიმდევრულად და მოქნილად, თქვენს საჭიროებებზე მორგებით
- 1
ისტორიის შეგროვება
პირველ სესიებზე ერთად ვხედავთ თქვენს ისტორიას, აწმყო სირთულეებს და მიზნებს. ვადგენთ სამუშაო გეგმას და ვარჩევთ იმ მოგონებებს, რომლებზეც შემდგომ ვიმუშავებ.
- 2
მომზადება
გავეცნობით EMDR-ის მუშაობის პრინციპს, ვისწავლით სტაბილიზაციისა და თვითრეგულაციის ტექნიკებს — რომ პროცესში იგრძნოთ თავი უსაფრთხოდ და გქონდეთ სრული კონტროლი სიტუაციაზე
- 3
შეფასება
ვირჩევთ კონკრეტულ სამიზნე მოგონებას, მასთან დაკავშირებულ ხატებას, ნეგატიურ რწმენას, ემოციასა და სხეულის შეგრძნებას, ასევე იმ პოზიტიურ რწმენას, რომელმაც ცვლილებების შედეგად უნდა დაიკავოს ნეგატაიური რწმენის ადგილი
- 4
დესენსიბილიზაცია
ბილატერალური სტიმულაციის (თვალის მოძრაობები, ტაპინგი ან ბგერა) ფონზე ვამუშავებთ სამიზნე მოგონებას, სანამ მასთან დაკავშირებული დისტრესი მკვეთრად არ შემცირდება
- 5
პოზიტიური რწმენის დამკვიდრება
ვამყარებთ ახალ, ადაპტიურ რწმენას საკუთარ თავზე — მაგალითად, „მე უსაფრთხოდ ვარ ახლა“ ან „მე ვარ მნიშვნელოვანი“ — რომ ის ცოცხლად და სარწმუნოდ იგრძნოთ
- 6
სხეულის სკანირება
ვამოწმებთ, დარჩა თუ არა სხეულში დაძაბულობა ან ნარჩენი შეგრძნება, და ვამუშავებთ ბოლომდე
- 7
დახურვა
ყოველი სესია სრულდება სტაბილიზაციით — რომ სესიის შემდეგ იგრძნოთ თავი დაბალანსებულად და დამოუკიდებლად შეძლოთ თვითრეგულაცია
- 8
შეფასების განახლება
შემდეგ სესიაზე ვამოწმებთ შედეგებს და ვგეგმავთ, რა მიმართულებით გვინდა წასვლა. პროცესი ეტაპობრივია და თქვენ ტემპზეა მორგებული
რას უნდა მოელოდეთ სესიაზე
სესიის ხანგრძლივობა
ერთი EMDR სესიის ხანგრძლივობაა 50 წუთი. თუმცა გადასამუშავებელი ეპიზოდის მიხედვით შეიძლება საჭირო გახდეს ორი სესიის ზედიზედ ჩატარება. გადამუშავების ეტაპებზე უფრო გრძელი სესია გვაძლევს სივრცეს პროცესის უსაფრთხოდ დახურვისთვის
როგორ გამოიყურება პროცესი
თქვენ თვალს ადევნებთ თერაპევტის ხელის მოძრაობას, უსმენთ მონაცვლეობით ბგერას ან გრძნობთ ტაპინგს. აკვირდებით საკუთარი გამოცდილებას — აზრებს, ემოციების, ხატებს — რომლებიც ბუნებრივად შემოდის და პროცესში მონაცვლეობს, ერთი ენაცვლება მეორეს, მანამ სანამ არ ამოიცურება ნეგატიური მოგონებები
რას იგრძნობთ
შესაძლოა იგრძნოთ ემოციური აქტივაცია სესიის დროს და მსუბუქი დაღლილობა შემდეგ. ხშირად ადამიანები აღწერენ, რომ ძველი მოგონება „უფრო შორეული“ ხდება — კარგავს დისტრესის მუხტს
ონლაინ ან პირისპირ
EMDR ეფექტურად მიმდინარეობს როგორც პირისპირ, ისე ონლაინ ფორმატში სპეციალური ხელსაწყოებით
კონფიდენციალურობა
ყველაფერი, რაზეც სესიაზე ვსაუბრობთ, კონფიდენციალურია და დაცულია პროფესიული ეთიკის კოდექსით
EMDR-ის ეფექტურობა კვლევებში
EMDR არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი ფსიქოთერაპიული მიდგომა ტრავმისა და სტრესთან დაკავშირებული გამოწვევებისთვის. მისი ეფექტურობა დადასტურებულია როგორც კლინიკური, ისე ნეირომეცნიერული კვლევებით
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაცია
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) EMDR შეიყვანა PTSD-ის მკურნალობის გაიდლაინებში როგორც ეფექტური მეთოდი. ის ასევე რეკომენდებულია ამერიკის ფსიქიატრიის ასოციაციისა და ბრიტანეთის ფსიქოლოგიური საზოგადოების მიერ.
რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევები
მრავალი რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევა (RCT) აჩვენებს, რომ EMDR მნიშვნელოვნად ამცირებს PTSD-ის სიმპტომებს. კვლევების მეტა-ანალიზები ადასტურებენ, რომ მისი ეფექტურობა შედარებადია კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიასთან (CBT), ხშირად კი უფრო სწრაფ შედეგს იძლევა
რა შედეგებს იძლევა
- PTSD-ის სიმპტომების მნიშვნელოვანი შემცირება
- შფოთვისა და დეპრესიის დონის დაქვეითება
- ფობიებისა და შიშების შემცირება
- სტრესისადმი მდგრადობისა და თვითრეგულაციის გაუმჯობესება
- ტრავმული მოგონებების დისტრესის მუხტის დაკარგვა
ნეირომეცნიერული მექანიზმი
ნეირომეცნიერული კვლევები აჩვენებს, რომ ბილატერალური სტიმულაცია ააქტიურებს პრე-ფრონტალურ კორტექსს, ამცირებს ამიგდალას აქტივობას და ეხმარება ტვინს მოგონებების ადაპტურად გადამუშავებაში. ეს ხსნის, რატომ იკლებს დისტრესი ისე, რომ არ სჭირდება მოგონების ხანგრძლივი თხრობა
ყოველი ადამიანი უნიკალურია. კვლევები აჩვენებს საერთო ტენდენციებს, თუმცა კონკრეტული შედეგი დამოკიდებულია თქვენს გამოცდილებაზე, მიზნებსა და თერაპევტთან ურთიერთობაზე
EMDR-ის შესახებ
EMDR ჰიპნოზია?
არა. EMDR-ის დროს თქვენ მთელი სესიის განმავლობაში კონტაქტში ხართ თერაპევტთან და სრულად აცნობიერებთ, რა ხდება. ბილატერალური სტიმულაცია ეხმარება ტვინს გადაამუშაოს მოგონებები, მაგრამ არ იწვევს ჰიპნოზურ მდგომარეობას
ტრავმაზე დეტალურად უნდა ვილაპარაკო?
არა — EMDR-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა სწორედ ესაა. საკმარისია, მხოლოდ მოკლედ მიმოვიხილოთ სამიზნე მოგონება; დეტალური თხრობა არ არის საჭირო. თავად გადამუშავება ხდება თქვენს შინაგან გამოცდილებაში
რამდენი სესია დამჭირდება?
ეს დამოკიდებულია თქვენს ისტორიასა და მიზნებზე. ზოგიერთი ადამიანი შედეგს რამდენიმე სესიაში გრძნობს, ზოგს უფრო ხანგრძლივი მუშაობა სჭირდება. პირველი შეხვედრების შემდეგ ერთად შევაფასებთ, რა ტემპით მივდივართ
EMDR უსაფრთხოა?
დიახ, როდესაც მას სერტიფიცირებული თერაპევტი ატარებს. სესიის დასაწყისში ვსწავლობთ სტაბილიზაციის ტექნიკებს, რომ პროცესი კონტროლირებადი და უსაფრთხო იყოს. თერაპევტი ყოველთვის გრძნობს თქვენს ტემპს და საჭიროებისამებრ აჩერებს ან აგრძელებს პროცესს
რა ვიგრძენ სესიის შემდეგ?
შესაძლოა იგრძნოთ მსუბუქი დაღლილობა, ემოციური სიმშვიდე ან, პირიქით, მომატებული ენერგია. ეს ინდივიდუალურია. სესია ყოველთვის დასრულდება სტაბილიზაციით და შეძლებთ ნორმალურად გააგრძელოთ დღე
ონლაინ EMDR მუშაობს?
დიახ. კვლევები და პრაქტიკა ადასტურებს, რომ EMDR ეფექტურად მიმდინარეობს ონლაინ ფორმატშიც, სპეციალური პლატფორმების ან თვალის მოძრაობების ალტერნატიული მეთოდების გამოყენებით. ამისთვის საჭიროა თერაპიაში მყოფი ადამიანი განთავსდეს კომპიუტერის ეკრანის ან პლანშეტის წინ, რათა თვალის მოძრაობის ამპლიტუდა იყოს საკმარისი ბილატერალური სტიმულაციისთვის
EMDR მხოლოდ PTSD-სთვის გამოიყენება?
არა. EMDR ეფექტურია შფოთვის, პანიკის, ფობიების, მწუხარების, დანაკარგის, სამუშაო სტრესის, დაბალი თვითშეფასებისა და სხვა გამოწვევებისთვის, რომლებიც ძველ, გადაუმუშავებელ გამოცდილებას უკავშირდება
როგორ მუშაობს თვალის მოძრაობა?
EMDR-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწილია ორმხრივი სტიმულაცია — მაგალითად, თვალის მოძრაობა მარცხნიდან მარჯვნივ. თუმცა EMDR-ში შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა ფორმებიც, მაგალითად ხელის მსუბუქი მონაცვლეობითი შეხება, ხმოვანი სტიმულაცია ან ვიზუალური სტიმულაცია. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ EMDR არ არის მხოლოდ თვალის მოძრაობა. ეს არის სტრუქტურირებული თერაპიული მიდგომა, რომელიც მოიცავს შეფასებას, მომზადებას, მოგონების დამუშავებას და ინტეგრაციას
პირველივე სესიაზე დავიწყებთ ტრავმის დამუშავებას?
არა, ეს აუცილებელი არ არის. პირველი ეტაპი ხშირად ეძღვნება გაცნობას, თქვენი სირთულეების გაგებას, თერაპიული მიზნების განსაზღვრას, უსაფრთხოების შექმნას და სტაბილიზაციისა და თვითრეგულაციის უნარების განვითარებას. EMDR-ში არ არსებობს წესი, რომ პირველივე სესიაზე აუცილებლად უნდა დაამუშაოთ ტრავმა
რამდენ ხანს გრძელდება EMDR სესია და რამდენად ხშირად ტარდება?
EMDR სესიის ხანგრძლივობა დამოკიდებულია გადასამუშავებელი მოგონების სირთულეზე, თერაპიული პროცესის ეტაპზე და თავად კლიენტის ინდივიდუალურ ტემპზე. ზოგჯერ ერთი 50-წუთიანი სესია სრულიად საკმარისია, ხოლო სხვა შემთხვევებში შესაძლოა რეკომენდებული იყოს ორი სესიის გაერთიანება და 100 წუთის განმავლობაში მუშაობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პროცესის შუაში შეჩერება კლიენტისთვის ნაკლებად სასურველი ან კომფორტულია. სესიების სიხშირეც ინდივიდუალურია: ზოგიერთ შემთხვევაში ოპტიმალურია კვირაში ორი შეხვედრა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შეიძლება უფრო ხშირადაც ჩატარდეს. ყველაზე გავრცელებული ფორმატი კი კვირაში ერთი შეხვედრაა, რომელსაც თერაპიაში მყოფი ადამიანების უმეტესობა ირჩევს. მთავარია, სესიების ხანგრძლივობა და სიხშირე შეესაბამებოდეს თქვენს საჭიროებებს, თერაპიულ მიზნებსა და იმ ტემპს, რომლითაც თავს უსაფრთხოდ და კომფორტულად გრძნობთ.
თუ დეტალები არ მახსოვს, მაინც შეიძლება EMDR?
დიახ. ტრავმული გამოცდილება ყოველთვის არ ინახება სრულყოფილ, ქრონოლოგიურ მოგონებად. ზოგჯერ ადამიანს ახსოვს მხოლოდ სხეულის შეგრძნება, კონკრეტული სურათი, ერთი ფრაზა, ემოცია ან განცდა, რომ რაღაც ცუდი ხდება. EMDR-ით მუშაობისთვის ყოველთვის არ არის აუცილებელი სრული ისტორიის გახსენება
შემიძლია ნებისმიერ დროს გავაჩერო პროცესი?
დიახ. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ მომენტში თქვათ, რომ მინდა გავჩერდეთ ან ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. ამისთვის სესიის დასაწყისში თერაპევტი სპეციალური არავერბალური სიგნალის გამოყენებას გთავაზობთ. EMDR-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია, რომ თერაპია მიმდინარეობს კლიენტის ტემპით
რა მოხდება, თუ იმ მომენტში ვერაფერს ვიგრძნობ ან ვერაფერს დავინახავ?
ესეც სრულიად ნორმალურია. ზოგი ადამიანი ხედავს მკაფიო სურათებს, ზოგი — ფრაგმენტებს, ზოგი კი ძირითადად სხეულში გრძნობს ცვლილებებს. არ არის საჭირო რაიმეს სწორად გაკეთება. თქვენ არ გჭირდებათ რაიმეს ძალით მოფიქრება ან განცდა
თუ ვიცი, რომ ეს გამოცდილება წარსულშია, რატომ ვრეაგირებ ისევ ასე?
იმიტომ, რომ ჩვენი ინტელექტუალური ცოდნა და ემოციური მეხსიერება ყოველთვის ერთსა და იმავე ტემპში არ მუშაობს. შეიძლება გონებით იცოდეთ, რომ ეს უკვე დასრულდა, მაგრამ სხეულმა და ემოციურმა სისტემამ ჯერ კიდევ შეინახოს განცდა, რომ საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს. EMDR-ის მიზანია, ეს გამოცდილება გახდეს წარსულის მოგონება და არა აწმყოში მიმდინარე საფრთხე
შეიძლება EMDR-მა ჩემი პიროვნება შეცვალოს?
EMDR არ არის იმისთვის, რომ თქვენ სხვა ადამიანად გაქციოთ. მისი მიზანია, რომ წარსულმა აღარ განსაზღვროს თქვენი რეაქციები, მოგონებებმა დაკარგონ მტკივნეული ემოციური მუხტი, შეძლოთ უფრო თავისუფლად არჩევა და თქვენი რეაქციები უფრო მეტად აწმყოს რეალობას შეესაბამებოდეს. ხშირად კლიენტები ამბობენ: მე არ შევიცვალე, უბრალოდ ახლა უფრო მეტად შემიძლია ვიყო საკუთარი თავი
EMDR მყისიერი განკურნებაა?
არა. EMDR შეიძლება იყოს ძალიან ეფექტური, მაგრამ ეს არ არის ჯადოსნური მეთოდი. თერაპიული პროცესი მოითხოვს თანამშრომლობას, უსაფრთხო თერაპიულ ურთიერთობას, მოთმინებას და ზოგჯერ რთულ ემოციებთან შეხვედრას. მიზანი არ არის თქვენი წარსულის წაშლა. მიზანია, რომ შეძლოთ წარსულის გახსენება ისე, რომ ის აღარ მართავდეს თქვენს ემოციებს, სხეულს და აწმყო ცხოვრებას
რა მოხდება, თუ მე არ ვიცი, კონკრეტულად რაზე მინდა მუშაობა?
ესეც სრულიად ნორმალურია. ზოგჯერ ადამიანი მოდის თერაპიაზე მხოლოდ იმ განცდით, რომ რაღაც ჩემში ხელს მიშლის. თქვენ არ არის აუცილებელი, პირველივე შეხვედრაზე იცოდეთ ზუსტად, რა არის პრობლემა ან როგორ უნდა მოგვარდეს ის. ამის გარკვევაში თერაპიული პროცესი დაგეხმარებათ
რა არის EMDR თერაპიის მიზანი?
EMDR თერაპიის მიზანი არ არის თქვენი გამოცდილების წაშლა. მიზანია, რომ მოგონება დარჩეს მოგონებად — და აღარ იყოს ძალა, რომელიც თქვენს დღევანდელ ემოციებს მართავს
